ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები სამართალდამცველებს მოზარდებზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა. სოციალური საცხოვრისის ბინადრები და პოლიცია ერთმანეთს მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა სამართალდამცავებმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო, მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს.
15 წლის მოზარდს მძიმე დაზიანებები მშობლების თქმით, პოლიციელებმა მიაყენეს. ის ერთადერთი არ იყო, ვისაც, თვითმხილველების ცნობით, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ადგილობრივი დაპირისპირების შემდგომ გაუჩინარებულ შვილიშვილს ეძებს. დაკარგულ ახალგაზრდას პოლიციაც ეძებს, თუმცა დასაკავებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
სოციალური საცხოვრებლის მობინადრეები დილიდან ქუთაისის პოლიციის მეოთხე განყოფილებასთან შეიკრიბნენ. მათ პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს და გამოძების დაწყება მოითხოვეს. პროტესტიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ვიდეომასალა გაავრცელა. პოლიციის მიერ გადაღებულ წუთნახევრიან ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელებს აგინებს. გამოძიებაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით დაიწყო. მოზარდზე ფიზიკურ ძალადობაზე უწყებაში არაფერი უთქვამთ. პოლიციამ პასუხად, სამართალდამცველების დაზიანებების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ინციდენტის თვითმხილველები და დაზარალებული არასრულწლოვნები პოლიციის ვერსიას არ ეთანხმებიან და სრული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვენ.
მომხდარს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. მოძრაობა „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრობლემა სისტემურია. გამოძიების მუხლი კი დაზარალებულებს დუმილის შენარჩუნებას აიძულებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მომხდარი მძიმე სოციალური ფონისა და სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობის მძიმე შედეგია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებებისა და გადაცდომების გამოვლენა ყოველთვის პრობლემურია. სისტემა კანონდამრღვევ პოლიციელებს ხშირად ხელს აფარებს. ამ კითხვების გამოსარიცხად კი მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს.
ნიკეას ქუჩის მაცხოვრებლები შერჩევით სამართალზე მიანიშნებენ. მათი თქმით, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და პასუხს აგებინებენ ყველა იმ პოლიციელს, რომელმაც არასრულწლოვნებზე ფიზიკურად იძალადა.