ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, როგორც სამედიცინო მოწყობილობების, ისე საკვები პროდუქტების შესაძენად, ხელშეკრულებები ზოგ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს უფორმდებათ.
Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ორგანიზაციის მიერ მოკვლეული მასალებიდან ჩანს ის სავარაუდო დარღვევებიც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტესტების შესაძენად გაფორმებულ ხელშეკრულებებშია.
“საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 24 აპრილს გამარტივებული შესყიდვის მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად კორონა ვირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტები შეიძინა. ამ შესყიდვის ჯამური ღირებულება 930,000 ლარია, სულ 30,000 ერთეული - თითეულის ღირებულება კი 31 ლარია. პროდუქტის მწარმოებელ ქვეყანად ნიდერლანდებია მითითებული, კომპანია კი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ტესტები ჩამოუტანა შპს „სოლემარტია”. მისი 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც ზურაბ ტუკვაძეა. უშუალოდ მასთან მიმართებით არანაირი საეჭვო კავშირი არ იძებნება, თუმცა მისი ბიზნეს პარტნიორები სხვა კომპანიებში, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და ჯამურად 63,000 ლარის შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.
მედიის ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული სწრაფი ტესტები სინამდვილეში ჩინური წარმოებისაა და ნიდერლანდურმა კომპანიამ საკუთარი ეტიკეტირებით გადაფუთა. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კითხვები ტესტების სიზუსტესთან დაკავშირებითაც. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 12 მაისს, სოლემარტის დამფუძნებელმა, ზურაბ ტუკვაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა 8 მაისს, რადგან მას ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დროს ვერ ჩამოჰქონდა პროდუქტი. თუმცა, მსგავსი შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ატვირთული არ არის”, - ნათქვამია IDFI-ს კვლევაში.
ორგანიზაციის სრული კვლევა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3g8KA98