პარლამენტში "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დეპუტატებს კანონპროექტს მისი ავტორი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ პლენარულ სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციაც ესწრება. "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და საკანონმდებლო ორგანოს როლს აკნინებს.
"შეზღუდვების ჩამონათვალი არის საკმაოდ ფართო და არ არის განსაზღვრული. ამაში როდის როგორც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ისე ბევრი სხვა შეზღუდვა, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით არის არაკონსტიტუციური. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ბოლო პერიოდში პრაქტიკამ ბევრი ჩვენი დემოკრატიული ქვეყნის, ისე როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, აჩვენებს რომ სრულიად მიუღებელია საპარლამენტო რესპუბლიკებში კონტროლის და ვადის დაწესების გარეშე ჰქონდეს მთავრობას. ეს სახიფათოა ქვეყნისთვის და ვიქნებით ამის კატეგორიული წინააღმდეგი", - ამბობს კაპანაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას იყენებს და ცდილობს ავტორიტარული მმართველობა დაამყაროს.
"ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ მთავრობას შეეძლოს გააჩეროს ეკონომიკა, ჩაკეტოს ხალხი სახლში, დაკეტოს საწარმოები, გადაკეტოს ქალაქები და სხვა - ეს არის ფაქტობრივად დიქტატურა. მეტი რა უნდა უწოდო ამას, როდესაც მთავრობას ასეთი შესაძლებლობები ეძლევა", - აცხადებს გოცირიძე.
კანონპროექტის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ლევან კობერიძეც. დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ნამდვილად სურს ეპიდემიის უკეთესად მართვა და ხსენებული კანონპროექტი სწორედ ამისთვის სჭირდებათ, მაშინ დოკუმენტში დამატებითი ცვლილებები უნდა შევიდეს.
"ამ კანონპროექტით ვხედავთ, რომ დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება მთავრობის ხელში, ფაქტობრივად ხდება პარლამენტის ჩამოცილება ისეთი მნიშვნელოვანი პროცესისგან, რომელსაც ჰქვია თავრობის ნაბიჯების კონტროლი. მთავრობის კეთილშობილური მიზანი აქვს და მხოლოდ ეპიდემიასთან საბრძოლველად სჭირდება, მაშინ გარკვეული ჩამატებები იყოს", - აღნიშნა ლევან კობერიძემ.