მოქალაქეები პარლამენტს პეტიციით მიმართავენ და სთხოვენ არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.
მესამე სექტორის მტკიცებით, ამ კანონის მიღებით დაირღვევა თანასწორობის პრინციპი განსაკუთრებით სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. მათ შორის "ტოლერანტობისა და მრავლფეროვნების" კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული დისკრიმინაციული მიდგომაა და მართლმადიდებელ ეკლესიებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.
"მანამდე მიწის მესაკუთრე იყო სახელმწიფო და მხოლოდ სარგებლობის უფლებით ჰქონდა საპატრიარქოს, ამ შემთხვევაში კი ერთადერთი ექსკლუზიური მეპატრონე იქნება საპატრიარქო. ეს აძლევს მას შეუზღუდავ ძალაუფლებას, ძალიან დიდ პრივილეგიებს და მის ხელში აქცევს კიდევ უფრო დიდ კაპიტალს, რისი მფლობელიც აქამდეც იყო, მაგრამ ახლა მნიშვნელოვნად იზრდება მისი ქონებრივი და სამართლებრივი პრივილეგიები. ეს ცვლილებები შედის ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში. ჩვენ თუ შევხედავთ ამ უკანასკნელს, სწორედ დოკუმენტში არსებული დისკრიმინაციული ნორმების საფუძველზე სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება საკუთრებაში ფლობდნენ საკუთარ ქონებასაც",-აცხადებს ეკა ჭითანავა
ამ თემით დღეს საპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან ზურა ჯაფარიძემაც გამართა. მან მოითხოვა კონკორდატის გაუქმება სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის, რადგან მისი თქმით, ორი სუბიექტი ცდილობს ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას სწორედ ამგვარი გზებით.
"ჩემი აზრი კონგოგრატი სწრაფად ჩასახსნელია და ეს კარგია არამხოლოდ იმისთვის, რომ მთავრობებმა აღარ ივაჭრონ საპატრიარქოსთან ხმებისთვის, გასაგებია რომ ახლაც მიწების გადაცემა წინასაარჩევნო ამბავია. კარგია თვითონ ეკლესიისთვისაც, რადგან გაიწმინდება ვერცხლის მოყვარულებისგან. სახელმწიფოსთან ყველანაირი ფინანსური კავშირი უნდა გაწყდეს და ის უნდა იქცეს მართლაც რელიგიურ ორგანიზაციად",-აცხადებს ზურა ჯაფარიძე.