logo
ENG



პარლამენტში ხუნდაძის კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს

21 მაი 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს. კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მმართველ გუნდს სამომავლოდ შეზღუდვების დასაწესებლად პარლამენტის მხარდაჭერა აღარ დასჭირდება. აღნიშნულს ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ახალი კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ხელისუფლება ავტორიტარული მმართველობის დანერგვას ცდილობს.

 „პარლამენტი კანონს რომ იღებს, ეს არ ნიშნავს მის ლეგიტიმურობას, როდესაც კანონი არღვევს და ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს აქვს აღებული“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შესაბამის ორგანიზაციებს მოუწოდა, კანონპროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო საჩივრის მომზადება დაიწყონ.

„ყველა ორგანიზაციას მოვუწოდებ, ვისაც ეს ხელეწიფება, საკონსტიტუციო საჩივარზე დაიწყონ მსჯელობა როგორც ადამიანის უფლებების თავის მიხედვით. აუცილებლად ვფიქრობთ, რომ ჩვენ დაგვჭირდება უკვე საპარლამენტო უფლებამოსილებების შემთხვევაშიც დეპუტატებს რა მიმართვაც შეგვიძლია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კრიტიკის საპასუხოდ, კანონპროექტის ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიცია საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

„თქვენ გსურთ საზოგადოებაში გამოიწვიოთ უკმაყოფილება იმით, რომ ჭარბი შეზღუდვების რეჟიმში იყვნენ. ამით მიიღოთ სარგებელი ან მეორე - მართლაც ჩაშალოთ არჩევნები და საარჩევნო პროცესი. ამისთვის თქვენ არაერთი მიზეზი მოიფიქრეთ მაგრამ ამის უფლებას არ მოგცემთ. ვფიქრობ, ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ უკვე იცით შედეგი და ეს არ გაწყობთ, ამიტომ გირჩევნიათ დესტრუქცია ვიდრე საარჩევნო პროცესში ჩართვა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში დაადანაშაულა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, პარლამენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტით სრულიად გამორიცხულია  ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.


close დახურვა