არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დიმიტრი ხუნდაძის მიერ წარდგენილ კანონპროექტში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ. მათი თქმით, მთავრობას მიეცემა შესაძლებლობა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმოქმედოს და ისეთი უფლებები შეუზღუდოს, როგორიც არის გადაადგილება, ამომრჩევლებთან შეხვედრა და ა.შ.
„კარგია, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები თანდათან მცირდება, თუმცა კვლავ გაუგებარია რატომ რჩება ის შეზღუდვები, რაც ავტომობილში ოჯახის წევრების ერთად ყოფნას კრძალავს. კომენდანტის საათი საერთოდ რა საჭირო იყო ეს ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია. რას ეუბნება ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვისაც პირადი ავტომობილები არ ჰყავთ? როგორ უნდა გადაადგილდნენ ეს ადამიანები? ან სამსახურში როგორ უნდა წავიდნენ? ან შვილებმა მშობლები როგორ უნდა მოინახულონ?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, შეზღუდვების დაწესებით, ქართული ოცნება პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმების შენარჩუნებას ცდილობს. მისივე თქმით, ეს არის უმძიმესი დარტყმა საზოგადოებაზე და ქართულ ეკონომიკაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება წელავს დროს და იმ შეზღუდვებს გვიტოვებს საზოგადოებას, მათ შორის სამეწარმეო სექტორს და დასაქმებულებს, რომლებიც არის ხელისშემშლელი ყოველდღიურ მუშაობაში და უბრალოდ გადარჩენისთვის ბრძოლაში. ეს არის უმძიმესი დარტყმა საზოგადოებაზე და ქართულ ეკონომიკაზე.
ერთადერთი მიზეზი რისთვისაც გიორგი გახარიას, ივანიშვილსა და ქართული ოცნების ხელისუფლებას, არის ის, რომ მათ შეინარჩუნონ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმები“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
