logo
ENG



საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო

22 მაი 202018:47
3 წუთის საკითხავი
clock 722
u21l7olekgguswa.jpg

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, მხარი დაუჭირა - მისი მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.

დოკუმენტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის მომხრეები მხოლოდ „ქართული ოცნების" დეპუტატები იყვნენ. „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს:

  •  საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; 
  • პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; 
  • საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; 
  • ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენილი პროექტით სრულიად გამორიცხულია  ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.

კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, ცვლილებების მიზანია არსებობდეს ისეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემს ბერკეტებს, დაავადებას სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს.

„კანონპროექტის მიღებით ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ ყველა ის აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. 


close დახურვა