logo
ENG



ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

24 მაი 202013:44
3 წუთის საკითხავი
clock 5089

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განაცხადა, რომ ბასილაშვილს გირაოდ 100 000 ლარი შეეფარდა.

„ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები და ამის საფუძველზე მოითხოვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ბასილაშვილის აღკვეთი სახის ღონისძიება შეუფარდა. თუმცა, სასამართლო არ დაგვეთანხმა, რომ არსებობდა მაღალი რისკები ახალი დანაშაულის ჩადენის და განადგურებული ყოფილიყო მტკიცებულება, ან მომხარიყო ბასილაშვილის მხრიდან მიმალვა. ეს არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა.

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს შეეფარდა გირაო 100 000 ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.

გამოძიება გრძელდება. მიმდინარე წლის 16 ივლისს დაინიშნა წინასასამართლო სხდომა“, - განაცხადა გურულმა.

ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ კი განაცხადა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არავითარი ძალადობა არ ყოფილა.

„მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ. მთავარია, რომ მას გირაო შეეფარდა და უახლოეს მომავალში დატოვებს. რა თქმა უნდა, არ აღიარებს დანაშაულს, რადგან არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მასთან საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმებია“, - განაცხადა ჭკადუამ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ეს არ არის პირველი სარჩელი, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ბასილაშვილის ოჯახის წინააღმდეგ შეიტანა - „ფორმულას“ ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას ედავებოდა ის. თუმცა, ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ სასამართლო პროცესი წააგო. დავა ქონების გაყოფის მიზნით მიმდინარეობდა. 

ასევე „ფორმულას“ ინფორმაციით, საქმეში ბავშვის ჩვენებაც დევს. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს.


 

 


close დახურვა