logo
ENG



ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ისე, როგორც საქართველო - კალაძე უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე

25 მაი 202016:36
3 წუთის საკითხავი
 
lpa62uf70h2h61z.jpg

„ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა საქართველო“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინულ მხარეს „უხერხულობას უნდა უქმნიდეს“, რადგან ის საქართველოს სასამართლოების მიერ დამნაშავედ არის ცნობილი.

„უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა თუ მოგონილი... ადამიანი რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და მისჯილი აქვს სასჯელი, უბრალოდ, მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეული საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს მივიდა. უწყებაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინასთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოში დაბრუნებამდე, მან უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.


close დახურვა