საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რუსულ „გაზპრომთან" ხელშეკრულება განაახლა. ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება აპრილში მოხდა და ძალაში წლის ბოლომდე იქნება. თუ რა ტარიფით განახლდა ხელშეკრულება, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
ოპოზიცია ითხოვს დოკუმენტის გასაჯაროებას. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა კომპანიასთან აღარ გაგრძელდეს ხელშეკრულება, რადგან „გაზპრომი“ პუტინის რუსეთის ხელში იარაღია.
კითხვის პასუხად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ფორმულას“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ ის თემის კომენტირებისთვის მზად არ არის და ჟურნალსიტს ზრდილობა დაუწუნა.
„გითხარით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მზად არ ვარ-თქო. თუმცა, როგორც იყო წინა ნარატივი, არამგონია, ამასთან დაკავშირებით არ იყოს პასუხები. თქვენ ხო არ გინდათ იმ კატეგორიაში გადაგიყვანოთ... კარგი, რა, წაიკითხე და გეუბნებიან, რომ... დღეს თქვენ უფრო ინფორმირებული ხართ. არ ვართ ამ კითხვაზე მხად პასუხის გასაცემად და რა გჭირთ, ვერ გავიგე?! ესე იყო შარშანაც, შარშანწინაც, არის გარკვეული ფაქტორები და არა ვართ ახლა მზად გიპასუხოთ-თქო და რა გჭირს, ზრდილობა მაინც არ გაქვს, ვერ გავიგე. გაანებე რა თავი ამ იმას...“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით „ფორმულასთან" განმარტებას არ აკეთებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.