მოახლოებული არჩევნები ერთ-ერთი მიზეზია, რითიც ხსნიან ოპოზიციაში იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დაპირებული დახმარებების გაცემა ჯერაც არ დაიწყო. ოპონენტები ეჭვობენ, რომ თანხა, რომელსაც მოქალაქეები მესამე თვეა ელოდებიან, მათ, როგორც ამომრჩევლებს ისე დაურიგდებათ, პოლიტიკური სარგებლის მიღების იმედით.
მოლოდინის მიუხედავად, ყოველთვიური ასლარიანი შემწეობაც არ დარიგებიათ სოციალურად დაუცველებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი კი ისევ გაურკვევლობაში ტოვებს მოსახლეობას, რომელსაც პანდემიიდან სამი თვის შემდეგაც ხელისუფლება ფაქტობრივად არ დახმარებია.
სახელმწიფოს დაპირებული სოციალური დახმარება აგვიანებს. პანდემიის დროს დაზარალებული მოსახლეობა სახელმწიფოსგან შეპირებულ დახმარებას ამ დრომდე ელოდება. ერთჯერად 300 ლარიან და 6 თვეზე განაწილებული 1200 ლარის აღების სურვილი ბევრს აქვს. თუმცა ხელისუფლებას ჯერ ცვლილებები ბიუჯეტშიც არ შეუტანია.
ხელისუფლების დახმარების გარეშე დარჩენილებს სხვადასხვა ორგანიზაციები და მოქალაქეების ჯგუფები ეხმარებიან. მათი ინფორმაციით, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში რამდენიმე ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება დახმარების გაცემას განგებ აჭიანურებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება სოციალური დახმარებების გაცემას საარჩევნოდ, ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად დაიწყებს. თუმცა ოპოზიციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ დახმარებების გაცემა უკვე დაგვიანებულია.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ სოციალური დახმარების გაცემა ასე არ უნდა ჭიანურდებოდეს, მითუმეტეს, იმ ფონზე როდესაც ოფიციალურად არის ცნობილი, რომ დახმარებას ყველა დაზარალებული მოქალაქე ვერ აიღებს.
რატომ აჭიანურებს ხელისუფლება დაპირებული დახმარების გაცემას ეს ჯერჯერობით უცნობია. „ფორმულა ნიუსის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად სახელმწიფოს არცერთი უწყება შესაბამის პასუხს არ იძლევა. მოსახლეობა კი ხელისუფლებისგან პასუხებს და მცირე დახმარების მიღებას ამ დრომდე ელოდება.