გიორგი გახარიას გამოსვლიდან პარლამენტში რამდენიმე საკითხი დაზუსტდა, მხოლოდ ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ კანონდამრღვევი ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე დასჯილია. ოპონენტებმა პასუხის სახით მოისმინეს ჩასწორებული ბიუჯეტის პარამეტრები, თუმცა ზეპირი ინფორმაციის სახით.
პარლამენტში პანდემიაზე სასაუბროდ მისულმა მინისტრებმა უსაფრთხოების ნორმები თავად დაარღვიეს. დახურულ სივრცეში პირბადე მთავრობის რამდენიმე წევრს ეკეთა. თუმცა მინისტრები მედიის ობიექტივში სხვა მიზეზის გამოც მოხვდნენ - პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას მთავრობის ნახევარ შემადგენლობას ეძინა.
მთავრობისგან განსხვავებით აქტიური იყო ოპოზიცია, - რატომ არ დაურიგდათ დახმარება უმუშევრად დარჩენილებს, რატომ არ გამოიყენა მთავრობამ საპენსიო ფონდი, რატომ ჰქონდა ადგილი შერჩევით სამართალს და რატომ არ წარმოადგინა ხელისუფლებამ კორექტირებული ბიუჯეტი - ოპოზიციას შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ორთვიანი ლოდინის შემდეგ დღეს მიეცა. თუმცა პასუხად ისევ ანტიკრიზისული გეგმის მორიგი პრეზენტაცია მიიღეს. სიახლე იყო მხოლოდ ბიუჯეტი, რომელის პარამეტრებიც გახარიამ ზეპირად წარმოადგინა.
ოპოზიციას არც ოთარ ფარცხალაძის კანონდარღვევა დავიწყებია. ყოფილი პროკურორი ავტომობილით ნებართვის გარეშე გადაადგილდებოდა. პრემიერმა დღეს ფარცხალაძე სამაგალითოდ დასაჯა - თქვა რომ კანონდამრღვევი პროკურორი დაჯარიმდა.
გიორგი გახარიას დღეს საუბარი იმ თემაზეც მოუხდა, რომელსაც წერტილი ერთხელ უკვე დაუსვა. ვერც ლობიზმისთვის გადახდილ მილიონებს გაექცა.
ამოეფარა თუ არა მთავრობა „თეთრ ხალათს“ - რთული სათქმელია. თუმცა ფაქტია, რომ გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოშიც ექიმებთან ერთად მივიდა. მაშინ როცა ეპიდემიოლოგები პანდემიის წინაღმდეგ უნდა იბრძოდნენ, მინისტრებისთვის განკუთვნილი პოდიუმიდან პრემიერის გამოსვლას უსმენდნენ.
„პოლიტიკურ ცეკვას“ საზოგადოება კიდევ ნახავს. პარასკევს გიორგი გახარია პარლამენტში ისევ მივა - ამჯერად ინტერპელაციის წესით. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეკითხვები სიღარიბესთან დაკავშირებით აქვს.