ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს და თავი შეიკავოს სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევისგან.
მისივე განცხადებით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა ისინი სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას იმსახურებენ, რომელიც თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან.
ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ „ახალი მწვანე შეთანხმება“ საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც მოუტანს დადებით შედეგებს.
„ჩემი რჩევა (და არა თხოვნა ან მოთხოვნა) საქართველოს მთავრობის მიმართ არის იგივე, რაზეც ხალხი 2012 წელს ოცნებობდა. დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და ობიექტური, გამჭვირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევარები ადასტურებენ, ამ სფეროებში ძალიან სამწუხარო უკან დახევის ტრენდი გამოიკვეთა.
ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს. თუმცა, დამნაშავეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებებიც დაეყრდნობა მყარ მტკიცებულებებს და თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან. სხვა შემთხვევაში გამოვა რომ ყველანი ერთად ვაშენებთ არა დემოკრატიულ საქართველოს, არამედ რეჟიმს, რომელსაც თქვენ და სხვა დისიდენტები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდით.
ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის შეფასებისას. არაერთხელ ვყოფილვარ რა საქართველოში, მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალით მწვანე და მდგრადი ენერგიის წარმოების სფეროში. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვმუშაობთ თავდაუზოგავად, რათა „ახალი მწვანე შეთანხმების“ დადებითი შედეგები გასცდეს ევროკავშირის საზღვრებს და საქართველოსთან ერთად სარგებელი მოუტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც. ეს ნაბიჯები გაამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ურყევი ინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა“, - წერია ევროპარლამენტარის განცხადებაში.