პოლიტიკური და საექსპერტო წრეები საქართველოს მთავრობისგან პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ. რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის თემაზე სპეკულაციის საშუალება არ უნდა მიეცეს. კრემლი ცენტრის შესწავლაზე ქართული მხარისგან პასუხს ელოდება და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ლუგარზე ყველა გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებით მიიღება. სპეციალისტები კი დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ცენტრის ირგვლივ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გააქტიურებით საქართველოს მთავრობას ცდის.
ლაბორატორიაში რუსების დამოუკიდებლად შეშვება მიუღებელია ოპოზიციისთვისაც. ისინი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსეთის მტრული რიტორიკა ლაბორატორიის ნახვის შემთხვევაშიც არ შეიცვლება და მთავარი ქვეყნის შიგნით პრორუსული პროპაგანდისტული ძალების განეიტრალებაა.
როგორ უპასუხებს საქართველო რუსეთის მოთხოვნას, ჯერ უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებს არ აკეთებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში ლაბორატორია ყველასთვის ღიაა და მისი საქმიანობა ეჭვებს არ იწვევს. გადაწყვეტილებას კი პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღებენ.
ლუგარის ლაბორატორია რუსული კამპანიის სამიზნე პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შემდეგ, ახლა სენატის წევრი - გრიგორი კარასინი ალაპარაკდა ლაბორატორიაში რუსეთის წარმომადგენლების შეშვების აუცილებლობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი კრემლი ლაბორატორიაში ბიოლოგიურ საფრთხეზე მიანიშნებდა და იქ პროფილური ექსპერტების დაშვებას ითხოვდა. განცხადებაში ნათქვამი იყო რომ ვაშინგტონი მოსკოვს ლუგარის ცენტრის ორმაგი დანიშნულების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.