ემუქრება თუ არა ბათუმის მერს იმპიჩმენტი ან გამოძიების დაწყება - ჩინოვნიკის კორუფციულ ინტერესებზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის მიწერილი ტექსტური შეტყობინება გასაჯაროვდა. „არ ამოიღო ამბასადორი“ - ეს სკანდალური გზავნილი TV 25-მა გადაიღო, SMS-ის მიღების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბულვარის ცენტრში „ამბასადორი ბათუმისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას, რომლითაც მიმდინარე მშენებლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.
დირექტივა ბათუმის მერისგან საკრებულოს თავმჯდომარეს. მოკლე ტექსტური შეტყობინება მერმა - თავმჯდომარეს კენჭისყრამდე, სხდომის მიმდინარეობისას მისწერა, სადაც კომპანია „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარის ცენტრში, მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი განიხილებოდა. სკანდალური გზავნილის კადრები TV 25-მა გაავრცელა. მიუხედავად ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგობისა, საკითხი მაინც „მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი მიმოწერით და შეთანხმებით, კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა.
ეჭვს აჩენს მერის დაინტერესება კომპანიით - არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შესასწავლია და მერის ჩარევა საკრებულოს საქმიანობაში უკანონოა.
მერის დირექტივა და საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობა ბევრ კითხვას აჩენს იმის ფონზე, როდესაც „ამბასადორ ბათუმს“ 4-სართულიანი მშენებლობის უფლება უკვე აქვს, თუმცა კომპანია გაფართოებას და დამატებით 11 სართულის აშენების უფლებას ითხოვს. ბულვარის ტერიტორიის გასხვისებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
უმრავლესობის წევრებს არც პროექტი აქვთ ნანახი და არც კითხვები არ აქვთ დირექტივის გამცემი მერის უწყების მიმართ. მათი თქმით, „ამბასადორ-ბათუმს“ სადაო მიწის ნაკვეთი სარგებლობისთვის 15 წლის ვადით სამართლიანად გადაეცათ.
დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები და მოხდება თუ არა საკითხის შესწავლა უცნობია, კითხვებზე თუ რა ინტერესის გამო მისწერა sms ბათუმის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს და რატომ არ გააპროტესტა საკრებულოს საქმიანობაში ჩარევა სულიკო თებიძემ - მერმა ბათუმელებთან აღნიშნა რომ მესიჯს მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათი ჰქონდა, თავად საკრებულოს თავმჯდომარის თქმით კი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კონსულტაციას მუდმივად გადიან და ზეგავლენის მოხდენა მასზე არავის შეუძლია.