ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა, განკურნებულთა რაოდენობა კი ხუთით.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, ახალი 26 შემთხვევიდან 18 არის სოფელ მუშევანის მკვიდრი, დანარჩენი რვა კი საკარანტინო სივრციდან და დაავადებულთა კონტაქტებიდან არიან.
„შემოგვემატა 26 პაციენტი და გვყავს 783 შემთხვევა. განკურნებულებს მიემატა 6 და გვყავს 605. ამ ეტაპზე მკურნალობს 166 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 77%-ზე მეტია.
ახალი შემთხვევებიდან 18 არის სოფელ მუშევანიდან. ამ სოფლის კვლევა მუდმივად წარმოებს და დადასტურებულთა სტაციონარში მოთავსება ხდება. კონტაქტების კვლევისას არაა საკმარისი ერთჯერადი პასუხები და ხდება მეორედ ტესტირებაც. ეს ციფრები ყოველთვის ეცემა ყოველ 14 დღეში.
დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 საკარანტინო სივრციდანაა, 4 კი დადასტურებულთა კონტაქტია. საბურთალოს კლასტერს რომ ვლაპარაკობთ, ოთხი თვის განმავლობაში ხშირად იყო მსგავსი სიტუაცია თბილისში, მაგრამ არ ვამახვილებდით ყურადღებას. საბურთალოს კლასტერიდან არის 4 პაციენტი.
ახალი ინფიცირებულებიდან არ არის სამედიცინო პერსონალი - ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე წყარო, თუმცა ამ შემთხვევებიდან არ არის არცერთი მედიკოსი.
ჩვენს ცენტრში გვყავს 48 შემთხვევა - 11 ახალი შემთხვევა გვყავს მუშევანიდან, არიან საშუალოზე მსუბუქი პაციენტები. ჩვენს ცენტრში გუშინ იყო მხოლოდ 1 გამოჯანმრთელებული. გვყავს 3 მძიმე პნევმონია, მაგრამ არ არიან განსაკუთრებით მძიმეები, არ აქვთ თანმდევი დაავადებები.
აუცილებელია შევინარჩნოთ ამ ბოლო თვეებში მიღებული უნარ-ჩვევები: პირბადე, დისტანცირება, სახლიდან გამოსვლის მიზეზი - სავალდებულო და აუცილებელი მიზეზი უნდა გვქონდეს გარეთ გასასვლელად. ვისწავლეთ კოვიდთან ერტად ცხოვრება, გავაგრძელოთ ასე ცხოვრება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კოვიდ 19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.