logo
ENG



29 აგვისტოს ფოტოებთან შედარებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია - შაბათის ფორმულა

10 დეკ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს თანდართული ფოტო მტკიცებულება, რომელიც ვივამედის კლინიკის პალატაში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს არის გადაღებული. ამასთან სააკაშვილის ჯანმრთელობა 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით დამძიმდა, როცა პროკურორებმა მისი ძალით დაკითხვა პალატაში სცადეს. 

პრეზიდენტის მდგომარეობა ახლა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ამ ფოტოებში ჩანს. სააკაშვილმა ამ კადრების გადაღების შემდეგ, კიდევ მინიმუმ 15-20 კილოგრამი დაიკლო და თუ აგვისტოში წამოჯდომა მაინც შეეძლო, ახლა უკვე საწოლიდან ვეღარ დგება და უჭირს მეტყველება.

ფოტოები, რომელსაც შაბათის ფორმულა ასაჯაროებს, იმ ექსპერტების მიერ არის გადაღებული, რომლებმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დასკვნები მოამზადეს და ეს ფოტო მასალა საქმეს მტკიცებულებად დაურთეს. 

ფოტოებში ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტის საუბარს კლინიკის პალატაში 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. კერძოდ, ჩანს სათვალთვალო კამერები, რომლებიც საწოლის თავზეა დამონტაჟებული და გამოსახულებას და ხმას თანაბრად იწერენ. ფოტოსურათებში რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა ასევე ჩანს ვივამედის პალატის ზომაც, რამდენიმე კვადრატული მეტრის სივრცეში პრაქტიკულად გადაადგილებაც შეუძლებელია. სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა ვივამედში მაისში გადაიყვანა. ამ ფოტოებით, რომელიც სამი თვის წინაა გადაღებული დასტურდება, რომ მკურნალობას შედეგი თავიდანვე არ ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილი დაუძლურებულია.

ყველა, ვინც ფოტოები ნახა, ამბობს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. სააკაშვილის წონის  სწრაფი კლება ოქტომბერში დაეწყო, ის ახლა ლოგინიდან ვერ დგება და უჭირს მეტყველება. 

პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ კონსილიუმის ექიმებიც. 4 დეკემბერს სააკაშვილის ნახვამ მძიმე შთაბეჭდილება დაუტოვა თენგიზ წულაძეს. პალატიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ თითქმის 2 მეტრის სიმაღლის სააკაშვილი მხოლოდ 73 კილოგრამს იწონის, რაც შესაძლოა სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზით დასრულდეს.

თუ შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული ფოტოებს დავაკვირდებით, რომლებიც 3 თვის წინ გადაიღეს, ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტს წონა უკვე დაკლებული აქვს, დაუძლურებულია, შესუსტებული აქვს როგორც ქვედა, ასევე ზედა კიდურები, უკვე შეინიშნება კახექსიის კვალი. ვხედავთ, რომ პრეზიდენტს 3 თვის წინ ჯერ კიდევ შეეძლო ორივე ხელის მოძრაობა და საწოლზე ჯდომა, თუმცა ახლა ესეც აღარ შეუძლია. 54 წლის სააკაშვილს პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და რთულად ამოძრავებს მარჯვენა ხელს, იმდენად რომ წერაც უჭირს,  ეს მისი ახალი წერილებიდანაც თვალშისაცემია. პრეზიდენტი მუდმივად წევს საწოლში, ვეღარ გადაადგილდება და უჭირს ლაპარაკიც.

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომლის მსხვერპლიც სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებებში გახდა, ემატება ეჭვები მოწამვლის შესახებ. სააკაშვილის სხეულში აღმოჩენილია დარიშხანი და ვერცხლისწყალი, თუმცა რა გზით მოხდა ეს ჯერჯერობით უცნობია. 3 თვის წინ გადაღებული ფოტოები ნათელი დადასტურებაა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე საუბარი არც მანიპულაცია და არც გამოგონილია, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც დღეს პრეზიდენტის თავს ხდება.


close დახურვა