logo
ENG



29 სექტემბრიდან საქართველო-ესპანეთს შორის მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი იქნება

02 სექ 202418:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/emry83ml7oo57sr.png

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან შევა ძალაში. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათი ცნობით, შეთანხმების დეტალებსა და ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

(https://www.boe.es/diario_boe/txt.php?id=BOE-A-2024-17651)

"შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მიმდინარე წლის აპრილში, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა