2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს.
შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მე-12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს ქალაქ რუსთავის 84 და გარდაბნის 33 საარჩევნო უბანს.
დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი და ა.შ.
შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ჯემალ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.