თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი 2 საათის განმავლობაში 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, რეგისტრაციის ვებგვერდი პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში პრობლემა მოიხსნა.
„დღეს 12 საათზე დაიწყო რეგისტრაცია. 12:00 საათიდან ამ დრომდე [14 სთ-მდე] ფაიზერზე დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე. პირველი 10-15 წუთი დიდი ნაკადის გამო საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში შეფერხება არანაირი არ აღინიშნება", - აცხადებს თამარ გაბუნია.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ფაიზერზე მოსახლეობის აქტიურობა მოსალოდნელი იყო, რადგანაც წინასწარი რეგისტრაციის დროს დიდმა ნაწილმა სწორედ ამ ვაქცინას მიანიჭა უპირატესობა.
მისივე თქმით, მზარდია სხვა ვაქცინებზე მოთხოვნაც.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული მოლოდინი გვქონდა იმის თაობაზე, რომ ფაიზერზე ვაქცინაცია იქნებოდა ძალიან აქტიური, რადგან მოქალაქეების ნაწილმა თავიდანვე განაცხადა თავისი არჩევანი. სამინისტროს წინასწარი რეგისტრაციის საიტზეც დააფიქსირა, რომ მათი უპირატესობა ენიჭებოდა ფაიზერის ვაქცინას. 2 საათში 107 ათასზე მეტი მოქალაქის რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმას, რომ მოქალაქეების მოლოდინი და არჩევანი არის ფაიზერის მხარეს არის ამ შემთხვევაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქტივობა არის სინოფარმის , სინოვაკის, ასტრაზენეკას ვაქცინაზეც მზარდი", - ამბობს გაბუნია.
დღეს 12 საათზე ფაიზერით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაიწყო. მოქალაქეები ფაიზერის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრირდებიან.
აშშ-ის ნაჩუქარი ფაიზერის 500 000 დოზა ვაქცინა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.
ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 წლიდანაა შესაძლებელი.