logo
ENG



ნუცუბიძეზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დაშავდა ერთი ადამიანი

01 ივნ 202022:24
3 წუთის საკითხავი
 

ნუცუბიძის პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა - გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, დაშავებულს პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება და ის უკვე გადაჰყავთ დამწვრობის ცენტრში.

„ძლიერი აფეთქება იყო, კედლები შეაზანზარა. რომ ჩამოვედით, პოლიციაც აქ იყო, სასწრაფოც და სამაშველოც. ვინც აქ მუშაობენ, ის ბიჭები აფეთქების დროს ყოფილან ოთახში და კარგად არიან. ახლოს კორპუსებში დარტყმის ტალღამ მინები დააზიანა", - ამბობენ თვითმხილველები.

აფეთქების ტერიტორიასთან ახლოს იმყოფებოდა მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მსგავს ადგილას გაზგასამართი სადგური არ უნდა იყოს.

„ისეთი აფეთქება იყო, მეგონა, რომ ვინც ახლო-მახლო იყო კორპუსებში ვერ გადარჩებიან-თქო, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ასეთ ადგილას არ უნდა იყოს არც ბენზინგასამართი სადგური და არც გაზის ე.წ. კალონკა“, - განაცხადა ტატიშვილმა.

ადგილზე იმყოფებოდა საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, რომელიც აცხადებს, რომ აფეთქების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

„არავინ არ არის სერიოზულად დაშავებული და მსხვერპლი რომ არ არის, ამაზე საუბარი ზემდეტია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. მოხდა აფეთქება, ამას თავის მიზეზი აქვს, რომლის გარკვევაც ახლა შეუძლებელია. ჩვენთვის მთავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. ეს ერთი თემაა, რამდენად შეესაბამება... ესეც დადგინდება“, - განაცხადა ოგბაიძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ეკო გაზის გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილზდა 6 სახანძრო ავტოცისტერნა. ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებუალია 1 პიროვნება, რომელიც გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და იყო კონტაქტური. ის იყო გაზგასამართის თანამშრომელი“, - განაცხადა კერესელიძემ.

ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

 


close დახურვა