logo
ENG



IDFI-ბოლო 5 წელიწადში, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს ბიუჯეტიდან 5 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა

03 ივნ 202013:22
3 წუთის საკითხავი
 
gpp3drs6lp04n1f.jpg

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ლობისტური საქმიანობის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

კვლევა მიმოიხილავს ლობისტურ საქმიანობას 2015-2020 წლებში, რაც მოიცავს დადებული ხელშეკრულებების ანალიზსა და საქართველოდან განხორციელებული ფაქტობრივი გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

-    2015-2020 წლებში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო იმავე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადეს.

-    სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ლობისტურ საქმიანობასა და იურიდიულ მომსახურებაში ჯამში 6,261,755.15 აშშ დოლარი გადაიხადა. თანხის რა ნაწილი დაიხარჯა უშუალოდ ლობისტურ საქმიანობაზე  ცნობილი არ არის.

-    აშშ-ში ლობისტურ მომსახურებას საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იღებს.

-    2015-2020 წლებში საქართველოს მთავრობა 5 ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან თანამშრომლობდა და ჯამში 3,485,515 აშშ დოლარი გადაიხადა.

-    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ლობისტურ საქმიანობაში 2019 წელს ჩაერთო. 2019 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლობისტურ კომპანია Hill and Knowlton Strategies-ს 1,660,469.30 აშშ დოლარი გადაუხადა.

-    2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ლობისტური მომსახურების გასაწევად დაიქირავა კომპანია - Impact Management Group, რომელსაც 320,000 აშშ დოლარი გადაუხადა.

-    2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“  კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა Hogan Lovells US LLP-სთან და DCI Group AZ, L.L.C.-სთან. „ქართულმა ოცნებამ“ ორივე კომპანიას ჯამში ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ ორივე კომპანიისთვის ჯამში გადახდილი აქვს 141,666 აშშ დოლარი.

-    „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები 2012, 2016 და 2020 წლებით თარიღდება, რაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

-     2015-2020 წლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსულტაციო მომსახურებისთვის 250,000 აშშ დოლარს იხდის.

„აშშ-ს კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია. აშშ-ში მოქმედი ლობისტური კომპანიების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და მათ საფუძველზე მიღებული თანხები საჯაროა - ინფორმაცია ატვირთულია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ არის“, - ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.


close დახურვა