ვაშინგტონის ცენტრში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები განალაგეს. თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტილია. დამცავი ბარიერებით შემოღობეს ლაფაიეტის პარკი, რომლის მიმდებარე ტერიტორია მთელი ღამის განმავლობაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. პოლიციელებმა მიტინგის დასაშლელად კვლავ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ძალოვანი სისტემა რეფორმირებას საჭიროებს.
კრიტიკა მოყვა შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში პრეზიდენტის განცხადებას, ქალაქებში არმიის ქვედანაყოფების გამოყვანის შესახებ. დონალდ ტრამპის ამ იდეას არ ემხრობა თავად პენტაგონის ხელმძღვანელიც. საფრთხის შემცველს უწოდებენ და დაუშვებლად მიაჩნიათ ჯარის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ პრეზიდენტის ოპონენტ დემოკრატებსაც, რომლებსაც დონალდ ტრამპმა ტრადიციულად ტვიტერის ქსელში უპასუხა.
აქცია მასშტაბური დაპირისპირებების გარეშე მიმდინარეობდა ნიუ-იორკშიც. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მხრიდან ძალადობა ჯერ ტრამპ თაუერთად გააპროტესტეს, შემდეგ კი მანჰეტენზე გადაინაცვლეს. თუმცა სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ ისინი ხიდზე ალყაში მოაქცია და გადაადგილების უფლება არ მისცა. აქციები გაიმართა ლოს ანჯელესში, ჰიუსტონში, პორტლენდსა და სიეტლში, სადაც პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა რომის პაპი. კათოლიკური ეკლესიის მეთაური აცხადებს, რომ რასიზმზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
შეერთებული შტატების გარდა, აქციები ლოზუნგით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ იმართება ევროპის ქვეყნებშიც. საფრანგეთში წუხანდელი აქცია შეტაკებებით დასრულდა. ლონდონელებმა კი სოლიდარობა ამერიკელებს ჰაიდ-პარკში შეკრებით გამოუცხადეს.