"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას 8 მაჟორიტარული ოლქიდან ექვსის დათმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვანი უნდა იყოს.
"დავუთმეთ ჩვენ, უმრავლესობა ოლქების თბილისში. ვაცხადებთ, რომ ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს 2 ოლქში და იმედი გვაქვს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, "ნაციონალურ მოძრაობაზე" გაცილებით მცირე პარტიები, ერთმანეთში მიაღწევენ ისეთ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს დარჩენილ 6 ოლქში, რომ მაქსიმალურად ასახული იყოს ეკლექტური პოლიტიკური შემადგენლობა, როგორც გადანაწილების თვალსაზრისით, ასევე იმ შემადგენლობით, ვინც კენჭს იყრის ამ ოლქებში", - განაცხადა პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე კი აცხადებს, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას მიესალმება. აბესაძის თქმით, თბილისის ყველა ოლქთან დაკავშირებით შეთანხმება უახლოეს დღეებში შედგება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების შეთანხმება ოლქებთან დაკავშირებით კონკრეტულ კონტურებს იძენს. თბილისის ოლქებზე შეთანხმება მიღწეული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოლქებშიც შედგება შეთანხმება. გაგრძელდება კონსულტაციები. დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე დღეში ეს შეთანხმება შედგება", - ამბობს აბესაძე.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, მათი პარტიისთვის არაფერი შეცვლილა. ამასთან, გეგელია არ გამორიცხავს, რომ გარკვეული კოორდინაცია კანდიდატებთან დაკავშირებით შესაძლოა, მაინც შედგეს.
"მათთვის, ვინც ფიქრობს საერთო კანდიდატის დაყენებაზე ეს ძალიან კარგი და მიმზიდველი წინადადებაა. ამასთან, ეს "ლელოსთვის" ბევრს არაფერს ცვლის. ჩვენ უკვე გვაქვს გაცხადებული ჩვენი კურსი. კერძოდ, 30-ვე ოლქში ჩვენი კანდიდატების წარდგენას ვაპირებთ. ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ, რიგი კოორდინირების მექანიზმების ჩართვასაც", - ამბობს გეგელია.
"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას "დემოკრატიულ მოძრაობაშიც" მიესალმებიან. ანზორ ბიწაძე ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად გონივრულს უწოდებს.
"ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ნიკა მელიამ გააჟღერა, არის ძალიან გონივრული პოლიტიკურად. ეს გადაწყვეტილება ართმევს ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო იარაღს, რასაც პოლარიზება ჰქვია. რაც შეეხება თუ როგორ გადანაწილდება დარჩენილი ოლქები, მოსაზრებებს რამდენიმე დღეებში გავაცნობთ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს", - განაცხადა ბიწაძემ.