ოპოზიციის წევრები საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებებს ეხმაურებიან.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, უცხოელი მეგობრები საქართველოში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში დიდ როლს თამაშობენ.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამერიკის ელჩს ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. კაპანაძე აცხადებს, რომ დიპლომატის ჩართულობა 8 მარტის მოლაპარაკებებში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"ჩვენ ვნახეთ ამერიკის ელჩის განცხადებები. შეიძლება ვთქვათ, რომ ელჩის ძალიან დიდი მადლიერი ვართ, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოხატა საქართველოში დემოკრატიული პროცესის მიმართ, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების შესრულების მიმართ. მიგვაჩნია, რომ მისი აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ის ვალდებულებები, რომელიც აიღო მთავრობამ იყოს შესრულებული და შედარებით ნორმალური ვითარება იყოს წინასაარჩევნოდ", - ამბობს კაპანაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა კი ფიქრობს, რომ ამერიკის ელჩის დახმარებით ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით განვითარდება.
"ქალბატონი ელჩის ოპტიმიზმი მეც მინდა, რომ გავიზიარო, იმასთან დაკავშირებით რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება, ეს გულისხმობს რურუას გათავისუფლებას და ასევე ოპოზიციური პარტიების თანამონაწილეობით მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა ერთი კაცის ინტერესებს", - აღნიშნა ბოკუჩავამ.
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელ მეგობრებს საქართველოში დემოკრატიული ნიადაგის არსებობა „ქართულ ოცნებაზე" მეტად აღელვებთ.
"ამერიკის ელჩის განცხადებამ გაიჩინა აზრი, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელი მეტს და მეტად ფიქრობს საქართველოზე და ქართველი ხალხის უკეთესს მომავალზე, ვიდრე ვიდრე ჩვენი ხელისუფლება. მარტივი არჩევანის წინაშე ვდგავართ - ან უნდა ვისწავლოთ მტრის და მოყვარის გარჩევა, ამერიკას სჭირდება საქართველოში დემოკრატია?! თუ ამერიკელები ხედავენ რომ ქართველ ხალხს სჭირდება საქართველოში დემოკრატია?!", - განაცხადა უსუფაშვილმა.