logo
ENG



დაპირისპირება ლავასოღლის ახლობლებსა და პოლიციას შორის - სამართალდამცველებმა აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს

05 ივნ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. კანონიერი ქურდის ლავასოღლის მხარდამჭერი აქცია   გონიოსთან    პოლიციასა  და დემონსტრანტებს  შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.  სამართალდამცველებმა დაუმორჩილებლობის მუხლით 9 პირი დააკავეს. ექსტრადირების მოთხოვნით აქციის მონაწილეები სარფისკენ მიემართებოდნენ, სადაც გამშვები პუნქტის გადაკეტვა ჰქონდათ დაგეგმილი. ვითარება  გონიოს ტერიტორიაზე დაიძაბა.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლები  კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვენ.  მათ ბათუმის იუსტიციის სახლთან კარვებიც გაშალეს სადაც უკვე 17 ადამიანი შიმშილობს. კანონიერი ქურდის მხარდასაჭერად რამდენიმე ადამიანმა პირიც ამოიკერა.

ლავასოღლის ოჯახის წევრებისა და ახლობლების თქმით, მთავრობას  კრიმინალური ავტორიტეტის ქართულ ციხეში ყოფნა არ სურს. ე.წ. კანონიერი ქურდის  მხარდამჭერებს ეჭვებს ისიც უმძაფრებთ, რომ  თურქეთის ციხეში 6 თვის  მოხდის, ანუ საექსტრადიციო ვადის გასვლის შემდეგ მას ანთავისუფლებენ და შემდეგ ისევ  აკავებენ. თურქეთში ის ბოლო წელიწად ნახევარში 3 ჯერ დააკავეს.

12 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლავასოღლი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მისი  ექსტრადიციის მოთხოვნით, ოჯახის წევრებმა აქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გამართეს. 2020 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა. 3 ივნისს ამოიწურა იუსტიციის სამინისტროსთვის ლავასოღლის ოჯახის მიერ წარდგენილი ულტიმატუმის ვადაც.

 


close დახურვა