პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი" დააფუძნეს. პარტიის დამფუძნებლები არიან პარლამენტისა და საკრებულოს ექვსი მოქმედი დეპუტატი: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ასევე თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი.
პარტია 10 ივლისს საზოგადოებას გუნდის ახალ წევრებს წარუდგენს. საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია კი 1-ლი აგვისტოს გაიმართება. პარტიის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ თანამშრომლობას როგორც მმართველ ძალასთან, ისე გაერთიანებულ ოპოზიციასთან. დამოუკიდებელი დეპუტატების განმარტებით, მათი მიზანია, შექმნან ახალი ალტერნატივა, რომელიც ხალხის ინტერესებზე და ხალხის სამსახურზე იქნება ორიენტირებული.
„ვგეგმავთ საარჩევნო პროგრამის დასრულებას, რომელიც იქნება უაღრესად შინაარსზე ორიენტირებული, კონკრეტულ ნაბიჯებზე და შესაბამისად, ვემზადებით 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვეცდებით გავაერთიანოთ როგორც პროფესიონალიზმით, ასევე საზოგადოებრივი ნდობით გამორჩეული როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჩვენი საზოგადოების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ჩვენთვის ამ ეტაპზე არის ორი პოლუსი - როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარე და მის გარშემო გაერთიანებული მაგიდა. კატეგორიულად გამოვრიცხავთ ორივე ძალასთან თანამშრომლობას“, - განაცხადა „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გედევან ფოფხაძის თქმით, გაერთიანების მიზანი საზოგადოებისთვის ისეთი პოლიტიკური სუბიექტის შეთავაზებაა, რომლის გამოც, მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლის სურვილი გაუჩნდებათ.
„ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას შევთავაზოთ ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის გამოც ექნება სურვილი არჩევნების დღეს გამოვიდეს სახლიდან და მივიდეს საარჩევნო უბანზე იმ შეგნებით, რომ როდესაც ის აძლევს ხმას რომელიღაც პარტიას, ამით უზრუნველყოფს თავისი შვილების და სამშობლოს უკეთეს ხვალინდელ დღეს. ამ შეგრძნებას და ემოციას ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. რაც შეეხება რაღაც გარიგებებს და პოლიტიკურ ინტრიგებს, ამას ჩვენი დღის წესრიგიდან გამოვრიცხავთ, ეს არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ფოფხაძემ.
პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა კი აღნიშნა, რომ ორპოლუსიანობა, რაც ქვეყანას განვითარებაში ხელს უშლის, მალე დასრულდება.
„მთავარი ღირებულება არის განვითარება, რომელიც უნდა დაეფუძნოს სოლიდარობას, სამართლიანობას, კეთილდღეობას და ამ ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს არის მთავარი. ორპოლუსიანობა ძალიან მალე გაირღვევა. ორივე იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს და ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება. ჩვენ ასე ვერ შევთავაზებთ ჩვენ შვილებს უკეთეს მომავალს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.