logo
ENG



ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა პრეზიდენტს შეხვედრის თხოვნით მიმართავს

21 თებ 202312:09
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

მოძრაობის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში მიმართვა უკვე ჩააბარეს და შეხვედრასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის თანხმობას ელოდებიან.

გედევან ფოფხაძის თქმით, შეხვედრაზე ისინი ისაუბრებენ არგუმენტებზე, თუ რამდენად აზარალებს გვარამიას პატიმრობას ქვეყნის მდგომარეობას საერთაშორისო თვალსაზრისით.

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა პრეზიდენტისათვის შეხვედრის თხოვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ევროპულ არჩევანს სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური მოტივით დაკავებული უკანონო პატიმარი და იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე უარს არ გვეტყვის. გვაქვს არგუმენტები, რამდენად აზარალებს გვარამიას პატიმრობა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის პერსპექტივას. გვაქვს იმედი, რომ შეხვედრაზე ჩვენი არგუმენტები იქნება მოსმენილი"- თქვა ფოფხაძემ.

ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა 16 თებერვალს დაფუძნდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა