ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალ წესებს ეხმაურებიან განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტებიც - სპეციალისტები ამბობენ, რომ დამატებითი რეგულაციები გაუთვალისწინებელ სირთულეებს შეუქმნის აბიტურიენტებს.
განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა ტესტების სირთულის დაბალანსება - როგორც ისინი განმარტავენ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში აბიტურიენტთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ მოახერხა ადეკვატურად მომზადება.
„ჩვენი სისტემა არის დამოკიდებული იმ კოჰორტაზე, რომელიც ყოველ წელს მოდის. თუ სუსტი აბიტურიენტები წამოვლენ, ტესტებიც ბალანსდება ხოლმე და იმედია წელსაც დაბალანსდება, რადგან ზოგიერთმა მოსწავლემ ვერ მოახერხა სრულფასოვნად მომზადება გამოცდებისთვის", - ამბობს რევაზ აფხაზავა.
განათლების კოალიციაში კი ფიქრობენ, რომ საგამოცდო გარემო შესაძლოა არის საჭირო უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ამ სახით ის არაა მორგებული გამოცდის ჩამბარებლებზე.
„ის წესები, რაც შემოიღეს, ეს უფრო ჯანდაცვის სპეციალისტების გადასაწყვეტია და რადგან შემოიღეს, ალბათ უსაფრთხოების კუთხით დაცული იქნება. ის გარემო არ არის საგანმანათლებლო, არ არის მორგებული სტუდენტებზე, აბიტურიენტებზე", - ამბობს გიორგი ჭანტურია.
