
„წარმოდგენილი ანტიკრიზისული ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სისტემური ნამუშევარია“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის კრიტიკას.
მან ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს დოკუმენტზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი თითოეული პარამეტრი მაქსიმალური სიზუსტით არის შედგენილი.
„ანტიკრიზისული ბიუჯეტის ახალი ვერსიის შეტანისას მთავრობას არაფერი არ დაურღვევია. რეგლამენტის შესაბამისად, ზუსტად საათების მიხედვით იყო ყველაფერი გაკეთებული. არის უკიდურესად სერიოზული სისტემური ნამუშევარი, რომელზეც ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორებთან ერთად. თითოეული პარამეტრი არის ზუსტად გაზომილი და დადგენილი. გარდა ამისა, ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს ბევრ ისეთ რაღაცას, როგორიც არის მაგალითად მეორე ტალღის შესაძლებლობა. ჩვენ ხომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი და სახელმწიფო იმ მდგომარეობაში, რომ თუ მაგალითად ეპიდემიოლოგიური ვითარება შემოდგომაზე გაუარესდა, კიდევ ერთი დაკორექტირებული ბიუჯეტი შევიტანოთ. ამიტომ ამ ბიუჯეტზე მუშაობა არ იყო მარტივი მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროსაც, ეროვნულ ბანკსაც და მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდსაც. ერთ-ერთი საუკეთესო სისტემური ნამუშევარია კრიზისულ პირობებში“, - განაცხადა პრემიერმა.