საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს და აცხადებს, რომ ის უკრაინაში საჯარო მოხელე არ არის.
სააკაშვილის თქმით, მას შეუძლია, ნებისმიერ თემაზე გამოხატოს აზრი.
„ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში.
სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება.
სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.
მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის...
მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი საქართველოში უკრაინის ელჩს, სააკაშვილის განცხადების გამო სამინისტროში იბარებს. როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.