logo
ENG



ნატროშვილი გადასატან ყუთზე: კარანტინში მყოფ ადამიანებზე თუ გამოიყენეს, გარკვეული კითხვები გაჩნდება

11 ივნ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

ცესკო-ს თავმჯდომარემ  თამარ ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ მუშავდება პროცესი პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების ფორმატისა და შესაძლოა, კოვიდინფიცირებულმა მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შესძლოს. შესაძლოა, კარანტინში მყოფ ადამიანებს გადასატანითი ყუთით მოუწიოთ არჩევნებში მონაწილეობა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ხმის მიცემა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და თუ პანდემიის პირობებშიც, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, შესაძლებელია არჩევნებში პოზიციის დაფიქსირება, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. 

როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ კარანტინში მყოფი პირები გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს კითხვის ნიშნებს გააჩენს.

„ვფიქრობთ, რომ ერთობლივად უნდა მოხდეს ყველა ჩართული მხარის შეჯერება გარკვეულ საკითხებზე. მათ შორის გადასატანი ყუთი შეიძლება იქნას გამოყენებული. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველა რისკი გასათვლელია. ზოგადად, გადასატან ყუთთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი არსებობს-ხოლმე. ხშირ შემთხვევაში გამართლებული და ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი, მაგრამ კარანტინში მყოფ ადამიანებზე თუ იქნა ეს გამოყენებული, აქაც გაჩნდება გარკვეული კითხვები, რომ ისე დარეგულირდეს ეს საკითხი, რომ ეჭვი არ გაჩნდეს, რომ ვიღაცას შეუძლია, გააყალბოს შედეგები ან ისეთი ადამიანები შეიყვანოს სიაში, რომელიც კარანტინში არ არის“, - აცხადებს ნატროშვილი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე კი მიიჩნევს, რომ პანდემიის პერიოდში არჩევნების ჩატარების საკითხი ყველა მხარის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

„გადასატან ყუთთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული წესი და შეზღუდვა, რომ ერთ ოლქში პროცენტული მაჩვენებელია, თუ არ ვცდები 3%, რომელზეც მეტიც არ შეიძლება გადასატანი ყუთის სიაში იყოს ანუ ეს იქნება მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტული კანონით გათვალისწინებული კონკრეტული ზღვარი დაცული იმისა თუ რა რაოდენობის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ გადასატანი ყუთის სიაში იმისთვის, რომ სწორედ გადასატანი ყუთის რაღაცა სახით მანიპულირების შესაძლებლობა არ იყოს, მაგრამ მგონია, რომ ყველა ეს საკითხი სათითაოდ უნდა იქნას განხილული თუ რა კონკრეტული სცენარები და გამოწვევები არსებობს და ამაზე მაქსიმალური ჩართულობით, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ასევე პოლიტიკური ჯგუფების უნდა მოხდეს კონკრეტული შეთანხმება, რათა შემდეგ რაიმე კითხვები არ გაჩნდეს“, - განაცხადა ბენიძემ. 

ცესკო-ში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ მუშავდება თერმოსკრინინგის საკითხიც. რა ეშველებათ იმ ადამიანებს ვისაც უბნებზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ - ამაზე ცესკო-ში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა არ არის და პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.

არასამთავრობო სექტორი მიმართავს ხელისუფლებას, რომ დროულად მოხდება გეგმის შემუშავება, რადგან არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 831 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 694 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 303 მოქალაქე.


close დახურვა