30 ივლისი საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.
1937 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) გამოსცა ბრძანება ნომრით 004447, რომელმაც სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღას დაუდო სათავე.
რეპრესიების ამ ციკლმა მილიონობით, საქართველოში კი ათეულობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ თბილისში, ინგოროყვას 22-ში, ე.წ. ჩეკას სახლთან აღნიშნა, შენობასთან სადაც 1921-1934 წლებში საბჭოთა ტერორის მთავარი ცენტრი, ჩეკას შტაბ-ბინა მდებარეობდა.
გამოიფინა ჩეკას სახლში დატუსაღებული, რეპრესირებულ თუ სიკვდილით დასჯილ მსხვერპლთა ფოტოები. ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს რეპრესირებულთა და სიკვდილით დასჯილთა სახელები და გვარები.
"დღეს, როცა საბჭოთა ტოტალიტარული გამოცდილებით მანიპულირება რუსული დეზინფორმაციული ომისა და სამხედრო აგრესიის მთავარი მამოძრავებელია, სტალინური ტერორისა და მის მსხვერპლთა გახსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის რუსული პროპაგანდის წარმატების ფონზე: ბოლო წლებში, საქართველოში სტალინის 10-ზე მეტი ახალი ძეგლი დაიდგა. აშშ-ს განვითარების სააგენტოს ინფორმაციის სანდოობის პროგრამის მიერ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% მთლიანად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას რომლის თანახმადაც სტალინით მისი ქართული წარმოშობის გამო „ქართველებმა უნდა იამაყონ". - განაცხადა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ.