logo
ENG



მათიკაშვილი:ამ ეტაპზე არჩევნების თარიღი გადახედვას არ ექვემდებარება

15 ივნ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის საარჩევნო თარიღის გადასადებად გამოყენებას კატეგორიულად უარყოფენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ არჩევნების გადადება დღის წესრიგში არ დგას და თუ ეს მოხდება, მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობიდან გამომდინარე.

„ყველა გადაწყვეტილება, რაც იქნება არჩევნებთან დაკავშირებით, მიღებული იქნება იმ გამოწვევებით ნაკარნახევი, რომელიც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში იქნება საზოგადოებაში. ამ ეტაპზე არანაირად არჩევნების საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა პანდემიის და საგანგებო ვითარების მდგომარეობაში, უკვე საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, როგორ და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ არჩევნების ოქტომბერში ჩატარება მმართველი გუნდის ინტერესშიც არის.

„ჩვენ ამ გუნდით, ამ რეიტინგით ნამდვილად არ გვეშინია არჩევნების ჩატარება ოქტომბერში, ამიტომ თეორიული შანსიც კი არ არის, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში შეიძლება შედიოდეს არჩევნების გადაწევა თუ ამაზე სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები. ჩვენი მიზანია, რომ არჩევნები ჩატარდეს ოქტომბერში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს ასე მოხდეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ მართველი გუნდი კორონავირუსით ინფიცირებულთა გაზრდილ რიცხვს ოქტომბრის არჩევნების გადასადებად გამოიყენებს. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს შესაძლოა დიდი ცვლილებები მოჰყვეს და სწორედ ამიტომ, ცდილობს დრო მოიგოს და საარჩევნო კამპანია უკეთ დაგეგმოს.


close დახურვა