გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, გიორგი გახარიამ და გიორგი კაკაურიძემ სხვადასხვა მონაცემი წარადგინეს იმის შესახებ, თუ მერამდენე ადგილზე საქართველო საგადასახადო წნეხით.
როგორც გიგა ბოკერიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, საგადასახადო წნეხით საქართველო 121-ეა მსოფლიოში, ხოლო მთავრობის ზომით მშპ-სთან მიმართებაში 81-ე.
„ეს არის heritage foundation-ის კვლევა და თუ თქვენს თავმოყვარეობას არ შევლახავ, ერთ კატეგორიაში - მთავრობის ზომა მშპ-სთან მიმართებაში და მეორეში, დასაწყისში არის საგადასახადო წნეხი, მერამდენე ადგილზეა საქართველო?", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ფინანსთა მინისტრის მონაცემები დაემთხვა გიგა ბოკერიას მიერ წარდგენილ მონაცემებს - კაკაურიძემ დაადასტურა, რომ საქართველო 81-ე და 121-ე ადგილებზეა.
გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეახსენა პრემიერის გამოსვლა პარლამენტში, როდესაც გახარია აცხადებდა, რომ საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებითა და საგადასახადო დატვირთვით არის მოწინავე ქვეყანა. ოპოზიციონერმა ლიდერმა მთავრობის წარმომადგენლები საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა.
„დიახ, წნეხის მიხედვით არის 121-ე. ახლა თქვენი ნაცნობი ადამიანის ფირი მინდა, ჩაგირთოთ - თქვენ მოატყუეთ გახარია თუ დაჯექით და გადაწყვიტეთ, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ? ადამიანის ჯიბიდან ფული რამდენი ამოგაქვთ, ვართ 121-ე ადგილზე და თქვენ, ბოდიში, მაგრამ უტიფრად მეუბნებით, რომ მეტი შემცირება არ შეიძლებაო", - განაცხადა გია ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარი დაუჭიროს - მათი განცხადებით, ბიუჯეტი არ ასახავს საზოგადოების საჭიროებებს.