ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საპენსიო ფონდში არსებულ რეზერვებსა და კაპიტალზე დაუსვა კითხვა.
როგორც კახიძემ განმარტა, ლარის მსყიდველობითი უნარი ყოველწლიურად უარესდება, ამ პირობებში კი მთავრობა ფულს საჭიროების დროსაც არ უბრუნებს დასაქმებულებს - „ევროპული საქართველოს“ წევრის აზრით, ეს მიდგომა არასწორია.
„საპენსიო ფონდი რომ შექმენით - ამ ფონდის დირექტორი კაცი სად წავიდა? თავისი საქმეა, მაგრამ პატარა თანამდებობა არ ჰქონდა. რომ წავიდა სამსახურიდან, რა კომენტარი გააკეთა? რომ წავიდა და ჰკითხეს, ფონდს რა ეშველებაო, უპასუხა, ვილოცებო. თქვენ რომ აქტივები გამოართვით ადამიანებს და სადღაც რომ უნახავთ. საპენსიო ასაკში მოგცემთო, რომ ამბობთ - ეს ფული შარშან რომ გამომართვით და წელს სურსათი რომ 12%-ით გაძვირდა, პლუს ტექნიკა და ლარის გაძვირება - წელს რომ ჩემი ფულის მსყიდველობითი უნარი ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო, ამაზე ვინ აგებს პასუხს?", - განაცხადა ოთო კახიძემ.
ოთო კახიძის პასუხად გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მან არ იცის, სად წავიდა საპენსიო ფონდის ყოფილი დირექტორი, თუმცა, მისივე თქმით, ფონდი ნორმალურად მუშაობს და ეს თანხები ადამიანებს მაშინ დაუბრუნდებათ, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევენ.
„რატომ უნდა ვიცოდე, სად წავიდა კონკრეტული ადამიანი? სახელმწიფო სტრუქტურებში არსად არ არის. ფონდი საკმაოდ კარგად მუშაობს. საპენსიო ასაკს რომ მიაღწევთ, დაგიბრუნდებათ ეს თანხები", - განაცხადა კაკაურიძემ.