logo
ENG



არსებობდა რისკი, რომ არ ჩაგვრიცხვოდა - კაკაურიძე ევროკავშირის დახმარებაზე

13 ოქტ 202115:29
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღიარებს, რომ ევროკავშირის მიკროფინანსურ დახმარებაზე იმის გამო თქვეს უარი, რომ არსებობდა რისკი, რომ თანხა არ ჩარიცხულიყო. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც ის მოსმენაზე ლელოს ფრაქციამ დაიბარა.

გიორგი კაკურიძემ განაცხადა, რომ საგარეო ვალის კუთხით ცვლილებები იქნება, რაც უშალოდ საგარეო ვალის შემცირებას შეეხება. ამასთან, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარება რეფორმებზე იყო მიბმული. მისივე თქმით, სხვა სესხებთან შედარებით ევროკავშირს სესხ უკეთესი პირობები ჰქონდა.

"10-12 მიმართულებით სხვადასხვა რეფორმა იყო ჩამოთვლილი. პუნქტობრივად რომ გავყვეთ, ყველა მათგანი შესრულებულია. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელზეც აქაური ექსპერტები თვლიან, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში, თუმცა მეორე მხარე, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები შესრულებული არ იყო და შინაარსობრივად არ შეიცავდა იმ რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა. [...]

დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია იყო აქ ჩართულ მხარესა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის. ამიტომ, როცა დადგინდა, რომ ამ სესხს შეიძლებოდა ჰქონოდა პრობლემა, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომელ სესხზე გვეთქვა უარი, ვთქვათ უარი ისეთზე, რომელზეც არსებობდა რისკი რომ არ ჩაგვერიცხებოდა. ეს სესხი ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა, თუმცა ბიუჯეტი რაც გვქონდა დაგეგმილი, იმაზე ნაკლები სესხი უნდა ავიღოთ საბოლოო ჯამში", - აღნიშნა კაკაურიძემ.

ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო. 

23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკიტხზე გააფრთხილა.  

ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართულმა ოცნებამ ახალი მესიჯბოქსი მოიფიქრა. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე, რადგანაც საგარეო ვალის შემცირება სურს. 

თავის მხრივ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.


close დახურვა