„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს" - გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე ქალაქში ამ სიტყვების დაწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა მათ ნაწილს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცა, ნაწილს კი დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ღობე, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა 20 ივნისთან დაკავშირებით წარწერები გააკეთეს, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მყოფი ღობეა და წარწერების გაკეთება არ შეიძლებოდა.
აქტივისტების განცხადებით, პოლიცია მათზე თვალთვალს ახორციელებდა და მას შემდეგ, რაც წარწერების გაკეთება დაიწყეს სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ. დაახლოებით 50 წუთიანი პროცედურის შემდეგ 1000 ლარით დააჯარიმეს სირცხვილიას აქტივისტები.