ანალიტიკოსების ნაწილი ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებულ საქმეს საერთაშორისო ტერორიზმის კვალიფიკაციას აძლევს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოძიება სრულფასოვნად, ოპტიმალურ ვადებში ჩაატარონ. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა, რადგან საქმე რუსეთის მხრიდან ღია ანგარიშსწორებას და მუქარას ეხება.
გარდა ამისა, ისინი პარალელს ავლებენ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით, გერმანიაში მოკლეს. ანალიტიკოსები ამ საქმეზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებით უკმაყოფილოები არიან და იმედი აქვთ, გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებული საქმეც ასეთივე ბედს არ გაიზიარებს.
„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ პუტინის და კადიროვის ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში მსგავსი ტიპის ტერორისტული აქტის ხან დაგეგმვა და ხან განხორციელება არ არის პირველი შემთხვევა. ეს არ არის მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ მიმართული და არავის არ უკვირს, როდესაც ასეთი ამბავი ხდება ხოლმე ცნობილი იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩვენ რატომ არ გვინდა ამ კონტექსტს სერიოზულობა შევმატოთ და საკუთარი დღის წესრიგიც გავხადოთ ამ დისკუსიების და საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილი, უბრალოდ არასოდეს მესმოდა და არც დღეს არ მესმის. არათუ დღეს, არამედ ხანგოშვილის საქმის დროსაც, ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა ძალიან მკვეთრი და პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა ექსპერტმა თინა ხიდაშელმა.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ერთ პირის ლიკვიდაციას, არამედ საზოგადოების დაშინების მცდელობას და დესტაბილიზაციის საფრთხეს.
„ეს არის კლასიკური ტერაქტი, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთი პირის ლიკვიდაციაზე, საუბარია საზოგადოების დაშინებაზე, გარკვეული აგრესიის გამოწვევაზე, რასაც შეიძლება მოჰყვეს დესტაბილიზაცია ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის კლასიკური ტერაქტი, საერთაშორისო ტერორისტული აქტის მომზადება და მას აქვს პოლიტიკური განზომილება. აქედან გამომდინარე, სისხლისსამართლებრივს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკურად ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს ძალიან სწრაფად ასეთ ვითარებაში და ძალიან პრინციპულად“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.