
პრემიერმა გიორგი გახარიამ პირველი არხის ეთერში გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ 20 ივნისის ღამეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველაფერი საარჩევნო ურნასთან უნდა წყდებოდეს და ეს არ უნდა ხორციელდებოდეს პარლამენტში შეჭრის გზით.
გახარიას თქმით, 20 ივნისის ღამე ქვეყნისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განხორციელდეს.
„პარლამენტზე შტურმის და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99%-მა დანაშაული აღიარა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ამას ექნებოდა სულ სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე მყოფი დემოკრატია ვართ და ნელ-ნელა ყველაფერს ვსწავლობთ. ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ 20 ივნისს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა. ამ პასუხისმგებლობის განხორციელების დროს, გარკვეული სამწუხარო შედეგები დადგა ყველა ჩვენგანისთვის, ჩემთვის პირველ რიგში. კონცეპტუალურად და პოლიტიკურად ჩვენ თუ ამ ყველაფრისგან გამოვიტანთ ისეთ გაკვეთილს, რომელიც ჩვენს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ განმეორდება საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ეს საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მე როგორც რიგითი მოქალაქე ამით დავკმაყოფილდები.
მე სკოლის მოსწავლე ვიყავი და მახსოვს პარლამენტის შტურმი. ისიც მახსოვს ამ შტურმის შემდეგ ქვეყანა რა ტურბულენტობაში შევიდა. მახსოვს მეორე შტურმი. თუ არ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები ხდება არა პარლამენტში შეჭრის გზით, არამედ საარჩევნო ურნასთან, ეს უკვე გარდამავალი დემოკრატიისთვის სერიოზული წარმატებაა. ის სამწუხარო და ტრაგიკული შემთხვევები, ეს მუდმივი ტვირთი იქნება ჩვენთვის. გაკვეთილი და პოლიტიკური შედეგი ეს უნდა იყოს და ჩვენს ცხოვრებაში არ უნდა განმეორდეს რა სახის გამართლებაც არ უნდა ჰქონდეს ამას. ხშირად მსმენია, აი გავრილოვი - მესმის და ვეთანხმები, შტურმი შენი ქვეყნის უმაღლეს ინსტიტუტზე და თავდასხმა პოლიციელებზე, შეუძლებელია რამით გაამართლო. ოქტომბერში იქნება შეფასება და რანაირადაც არ უნდა იყოს, მე მას დავემორჩილები“, - განაცხადა გახარიამ.
გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა.
20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.