logo
ENG



20 ივნისს მოხდა ძალის გადამეტება და ამას ჰყავს კონკრეტული დამნაშავეები - გოცირიძე ომბუდსმენის ანგარიშზე

17 ივნ 202015:48
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურებიან, რომელიც მოქალაქეების მშვიდობიან შეკრებას ეხება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აქციების დარბევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა მიღებული და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

„ჩაიდინეს დანაშაული და სანამ ამაზე პასუხი არ იქნება გაცემული, ეს თემა არ დაიხურება არასდროს. ჩემი ვარაუდით, რაც შევისწავლე, სავარაუდოდ დავალება ივანიშვილმა პირდაპირ მისცა ანზორ ჩუბინიძეს, რომელიც პირდაპირ ადგილზე ყველა დანაყოფს ხელმძღვანელობდა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

ასეთივე პოზიცია აქვს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს. ის აცხადებს, რომ გასული წლის 20 ივნისს მომხდარ დარბევას კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს, რომლებიც აუცილებად დაისჯებიან.

„ომბუდსმენის ანგარიშში ნათლად არის ნაჩვენები ყველა ის უკანონობა და დარღვევები, რაც მოხდა აქციის დაშლის დროს. ეს იყო ძალის გადამეტება და ამას ჰყავს კონკრეტული დამნაშავეები. ეს დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული და აუცილებლად იქნება, როცა დადგება ამის დროს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

აქციის დარბევისას ძალის გადამეტების შესახებ საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც. ის ამბობს, რომ მომხდარზე ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო.

„ისიც მახსოვს, რომ პროტესტის გარკვეული ნაწილი ძალადობრივში გადაიზარდა. ვერ ვიტყვით იმ ეტაპზე იყო თუ არა ლეგიტიმური ძალის გამოყენება, თუმცა საბოლოო ჯამში რომ გადაჭარბებული  იყო ძალა ეს ფაქტია და ამაზე ობიექტური გამოძიება უნდა შემდგარიყო“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მშვიდობიან შეკრებას ეხება. ანგარიშში ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ხარვეზებზე და სამართალდამცავთა ქმედებებზე საუბრობს. სახალხო დამცველის ანგარიშში ნახსენებია 20 ივნისს დაზარალებული აქციის მონაწილეები, რომლებსაც დარბევამდე სიტყვიერი გაფრთხილება არ მიუღიათ.


close დახურვა