logo
ENG



ყალბი პირადობების საქმეზე გამოძიების შეწყვეტა მოულოდნელი არ ყოფილა - ბენიძე

17 ივნ 202018:03
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. ისინი აცხადებენ, რომ პროკურატურისგან ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ ჰქონდათ.

isfed-ის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც არასამთავრობოებმა ინფორმაცია გაასაჯაროეს, მმართველმა გუნდმა პირადობის მოწმობები პრევენციის მიზნით აღარ გამოიყენა და გაყალბების ფაქტი სწორედ ამიტომ ვერ დადგინდა.

„მოულოდნელი არ ყოფილა გამოძიების შეწყვეტა, იმიტომ რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ რაიმე არ გვსმენია პროგრესის შესახებ ან იმის შესახებ, რომ ამ გამოძიებით რაღაც შედეგზე გავიდნენ. თავის დროზე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავავრცელეთ განცხადება, შესაძლოა ამას გარკვეული პრევენციული ეფექტიც ჰქონოდა. თუ პროკურატურის ვერსია დამაჯერებელია, შეიძლება სწორედ ეს შედეგიც ყოფილიყო. ვისურვებდი, რომ საარჩევნო დარღვევებსა და ზოგადად საარჩევნო საკითხებზე პროკურატურის გამოძიებები იყოს უფრო ეფექტური“, - განაცხადა ბენიძემ.

ასეთივე მოსაზრება აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძეს:

„ერთი ვერსია შეიძლება იყოს სწორედ ის, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდგომ საკითხთან დაკავშირებით რეალურად მიბრუნება და მისი გამოყენება პრაქტიკაში შეიძლება უფრო მეტი რისკის შემცველი ყოფილიყო, ვიდრე თავად ის სარგებელი, რომელიც შეიძლებოდა მიღებული ყოფილიყო. მეორე არის ის, რომ ბუნებრივია, თუ ეს პროცესი არ მომხდარა და შემდგომში ეს პირადობები არ იყო გამოყენებული, ცხადია, გამოძიება უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ გონივრული მოლოდინი, რომ ასეთი პირადობის მოწმობების შემთხვევაში ვინმე გამოიყენებდა გამოძიებას იმის საშუალებად, რომ ბოლომდე ყოფილიყო გამოძიებული, თავიდანვე დაბალი იყო“, - განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო მიიღეს.


close დახურვა