ჯანდაცვის მინისტრი დღეს წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
სფეროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეკატერინე ტიკარაძის ერთწლიანი მუშაობა არაეფექტური იყო და ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა.
სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროსგან სამომავლო გეგმები ჯერჯერობით კვლავ უცნობია.
"ის დაგროვილი პრობლემები, რომლებიც წლებია გროვდებოდა ჯანდაცვის სამინისტროში და ჯანდაცვის სფეროში ამ 1 წლის განმავლობაში ვერ იქნა გამოსწორებული. უფრო მეტიც, უფრო დამძიმდა. ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა, ექიმების გადამზადება და სხვა - მთელი ეს პრობლემები ტიკარაძის პერიოდში უფრო დამძიმდა. სამომავლოდაც არ არის ნათელი რას აპირებს სამინისტრო შორს მიმავალ გეგმებში. ამაზე საერთოდ არ მუშაობენ“, - ამბობს ჩიხლაძე.
ვატო სურგულაძე კი, მიიჩნევს, რომ მედპერსონალის დაინფიცირების რიცხვი კოვიდ 19-ის დროს საგანგაშოა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არასათანადო გადამზადებითაა გამოწვეული.
"ამ პერიოდში ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი სისტემური ცვლილება, რომელმაც სიტუაციის გაუმჯობესება მოიტანა. მედპერსონალის 13% არის ინფიცირებული კორონავირუსით. ესეც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია. კიდევ დაგეგმილია რაღაც ცვლილებების შემოღება. ამ წელსვე სურთ რეგულაციების განხორციელება და ახლა ამის შემოღება ვერ იქნება გამართლებული“, - განაცხადა სურგულაძემ.