ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეთავაზებას, ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ.
როგორც ექსპერტები "ფორმულასთან" საუბარში ამბობენ, ხელისუფლებას ტესტების შესყიდვა მარტში შეეძლო და ამის გამო ქვეყანამ 2 თვეში მეტი დაკარგა, იმისთვის, რომ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მომხდარიყო.
ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს არაპროფესიონალიზმს უწოდებს და ამბობს, რომ მასობრივი ტესტირების ჩატარებაზე საუბარი უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა.
"სულ მცირე ეს არის არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა და გარკვეული პოლიტიკური თამაშები. ეს უნდა დაწყებულიყო უფრო ადრე. ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ მარტის თვეში. თითქმის 2 თვე არის დაკარგული - ჩვენს ცხოვრებაში და ეკონომიკაში. ამ ყველაფრის მინიმუმამდე დაყვანა შეიძლებოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან დააგვიანა. ასეთ მსჯელობებში მთავრობამ დაგვაკარგინა 2 თვე", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილის გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს კიდევ ერთი ექსპერტი ვატო სურგულაძე. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა ექსპერტების და ოპოზიციის მოსაზრება მასობრივ ტესტირებებთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში უსაფრთხო მდგომაროება ყოფილიყო და მოქალაქეებს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა უფრო ადრე მისცემოდათ.
"უკეთესად შეგვეძლო გაგვეკეთებინა. უფრო ადრე გაგვეხსნა ეკონომიკური საქმიანობა. რაც უფრო სწრაფად მოვხსნით და ხალხი ნორმალურ აქტივობას დაუბრუნდება ეს არის ქვეყნის წარმატება. უფრო ადრეც უნდა დაგვეწყო. ამაზე ოპოზიციაც საუბრობდა, უნდა შევქმნათ უსაფრთხო სიტუაცია ქვეყანაში, რომ რომ ადამიანს გარეთ გასვლის არ ეშინოდეს", - განაცხადა სურგულაძემ.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ პროდუქციის შემოტანას კიდევ 40 დღე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ გამყრელიძემ ხელისუფლებისგან 5 მილიონის ღირებულების ტესტების გამარტივებულად შესყიდვა მოითხოვა.