logo
ENG



ფასილიტატორი ელჩები შეთანხმების ყველა მხარეს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

19 ივნ 202015:43
3 წუთის საკითხავი
 
guiuaec24zzpxlw.png

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალი ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური  პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში,  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს  8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად  შესრულებისკენ.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების  ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც  გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს  საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც  ექნება კრიტიკული მნიშვნელობა  მოახლოებული არჩევნების პერიოდში  და მის  შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით.

ამავდროულად, საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების  მნიშვნელობის გათვალისწინებით,  მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს  ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობის და  ცვლილებების სრულად მიღებისკენ.

ამ ცვლილებებისა და  განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ; ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.


close დახურვა