საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმებიან სამოქალაქო სექტორში. აქტივისტების თქმით, პროცესში დიდი როლი ქართველმა ახალგაზრდებმა და ოპოზიცურმა პარტიებმა შეასრულეს. სამოქალაქო მოძრაობების წევრები ოპოზიციის მსგავსად მმართველ გუნდს გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისა, 8 მარტის შეთანხმების დავიწყება არ შეიძლება.
„ერთმნიშვნელოვნად მნიშვნელოვანი ამბავი მგონია, რომ პირველი მოსმენით მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებები. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველო მიუხედავად სირთულეებისა, ირჩევს დემოკრატიის გზას. ვფიქრობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ 8 მარტის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული“, - განაცხადა მაქარაშვილმა.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრს ნიკა ნოზაძეს კი მიაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გიორგი რურუას საკითხი კვლავ გადაუჭრელია.
„ძალიან კარგია, რომ პირველი მოსმენა გავიდა. მნიშნელოვანია ქართველი ახალგაზრდების, პოლიტიკოსების, საზოგადოების როლი ამ ყველაფერში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სამივე მოსმენა გავა და რვა მარტის შეთანხმება შესრულდება სრულად. დღესდღეობით, გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და ვიმედოვნებთ, რომ ამასაც მივაღწევთ ძალიან მალე“, - აცხადებს ნოზაძე.
მოძრაობა „გაბედეს“ წევრის მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამერიკული მხარის მხრივ სანქციების კანდიდატია, ჯერჯერობით გონს მოეგო.
„გუშინ რაც მოხდა, უნდა მომხდარიყო, რადგან დიდი იყო ზეწოლა დასავლეთის, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების მხრიდან. კიდევ ერთხელ რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასულიყო ქართული ოცნება, მართლა ყველაზე თავზეხელაღებული და უჭკუო ადამიანი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელიც სანქციების კანდიდატია ამერიკის სენატისა და კონგრესის მხრიდან. ბუნებრივია, ჯერჯერობით, გონს მოეგო. წინ კიდევ მეორე და მესამე მოსმენებია. მთავარია სხვა რამე სიურპრიზი არ გამოგვიჩინოს ქართულმა ოცნებამ. თუ კი სიურპრიზებს გამოგვიჩენს, საზოგადოების მხრიდანაც ძალიან ბევრ სიურპრიზს მიიღებს ეს ადამიანი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.
მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. ამ ეტაპამდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანამ რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებული არ იქნება.