logo
ENG



ოპოზიცია აჭრილია, მე-2 და მე-3 მოსმენაშიც მოუწევთ მონაწილეობა-კობახიძე

22 ივნ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. 

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერა არ აქვთ და ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. ამასთან, კობახიძის მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება.

"ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე, იძულებული იყვნენ, რომ პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რადგან იყო ელჩების ზეწოლა მათზე. ნახეთ, ელჩების ღია განცხადებები. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მოუწიოთ მეორე და მესამე მოსმენის დროს კენჭისყრაში მონაწილეობა. ისინი არიან აჭრილები, იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც არიან. მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. ერთი არის 3%-იანი პარტიაა, მეორე 12%-იანია და ალბათ ოქტომბერში ამასაც ვერ შეინარჩუნებენ. ისინი შეცდომებზე შეცდომებს უშვებენ", - განაცხადა კობახიძემ. 

ოპოზიციას მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აკრიტიკებს. კილაძის შეფასებით, "ევროპულმა საქართველომ" პირველი მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. 

ევრონაცებმა" დაინახეს, რომ თავად დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა მხარეს მოუწოდებენ შეთანხმების შესრულებისკენ, ეს რა თქმა უნდა, დაარტყამდა მათ იმიჯსაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ მგონია, რომ საკუთარი ინტერესებიდან მიიღეს გადაწყვეტილება და არა ქვეყნის ინტერესებიდან. რურუაზე რაიმე ფორმით ჩაბღაუჭება, რომ ვითომ, პოლიტპატიმარია, ესეც მათი პოლიტიკური თამაშების ნაწილია", - აღნიშნა კილაძემ. 


close დახურვა