logo
ENG



ხუნდაძე ოპოზიციაზე:ცდილობენ, საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდეს და ქუჩაში ყოფნის საფუძველი ჰქონდეთ

23 ივნ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რადიკალური სვლა გააგრძელეს, რაც მათი პოლიტიკური დღის წესრიგია.

„მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა იყო მათი მხრიდან მონაწილეობა პირველი მოსმენის დროს. როგორც მოველოდით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გამოაჩინა თავისი რადიკალური მიდგომები და გაექცა პასუხისმგებლობას. მეორე მოსმენაც, დარწმუნებული ვართ, რომ მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის მიერ. არ ვიტყვი რომ სამწუხაროა, რომ არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს მათი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

განხილვებში ჩართვას უარის თქმის გამო ოპონენტები უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკრიტიკა. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, პროექტები ჩავარდეს და ქუჩაში ყოფნის საფუძველი ჰქონდეთ.

„ყველანაირად ცდილობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არ განხორციელდეს და მათ ჰქონდეთ საფუძველი ქუჩაში ყოფნის, აურზაურის. სწორედ მათი საფუძველი იყოს ქუჩაში ყოფნის საკონსტიტუციო არასწორი ჩანაწერი, როცა იყო შესაძლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით, ეს ახალისებდა მათ. ჩვენი მაჟორიტარების ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნა იყო სწორედ ეს და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული და შეთანხმება ამ კუთხით შედგა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა პარლამენტში დღეს გაიმართება. პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება კი, კვლავ უცვლელია - ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.


close დახურვა