ფაქტობრივად სრულ ოპოზიციურ სპექტრთან დაპირისპირებით იწყებს ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის ფორმატში საქმიანობას. „მოქალაქეების“ დამფუძნებლის დაპირისპირების მიზეზი კი ორი ოლქი გახდა, სადაც ალეკო ელისაშვილი, ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, კანდიდატების დაყენებას მოითხოვდა, მათ შორის მთაწმინდაზე შალვა შავგულიძის ნაცვლად ლევან იოსელიანის.
ამ პირობის შეუსრულებლობის გამო ააყირავა ოპოზიციური მოლაპარაკებების მაგიდა ალეკო ელისაშვილმა, - ეს პარტიების პოზიციაა. ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ოპონირება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის, - ოპოზიციის კრიტიკის კამპანიაში ალეკო ელისაშვილს თანაგუნდელი ლევან კობერიძეც კი არ უერთდება.
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნის დღიდან ოპოზიციის ოპონენტად იქცა. როგორც ირკვევა - დაპირისპირების მიზეზი ორი მაჟორიტარული ოლქი გახდა. მათ შორის არის მთაწმინდის რაიონი - სადაც ელისაშვილს, არსებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანის წარდგენა სურდა; თუმცა ოპოზიციის გაერთიანება საბოლოოდ შალვა შავგულიძის კანდიდატურაზე შეთანხმდა. განხეთქილებაც აქედან დაიწყო... პირველი ვისაც ელისაშვილი ღიად დაუპირისპირდა - „ევროპული საქართველო“ აღმოჩნდა. უგულავა კორუფციაში დაადანაშაულა; გიგა ბოკერია კი მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა.
კონფლიქტი ამით არ დასრულებულა - ელისაშვილმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველას ის ოპოზიციური პარტია გააკრიტიკა, ვინც უკვე შვიდი თვეა ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან. ამ კონსულტაციებში აქტიურად მონაწილეობდა თავად ალეკო ელისაშვილიც, თუმცა სხვა პარტიების მიმართ დღეს შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ერიდება.
შეხვედრა, რომლის დეტალების გასაჯაროებაც ელისაშვილს არ მოეწონა, მთაწმინდაზე გაიმართა. კონსულტაციებს დავით ბაქრაძეც ესწრებოდა. მაჟორიტარებზე საუბარიც სწორედ აქ შედგა. ელისაშვილს რომ 8-დან ორი ოლქი უნდოდა - ამას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ადასტურებს. გამონაკლისია „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია კონსულტაციებში არ მონაწილეობდა. პოლიტიკოსები იმაზეც თანხმდებიან, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობა ხელს ოლიგარქის გამარჯვებას უწყობს.
საუბრის გაგრძელება ყოფილ თანამებრძოლებს სავარაუდოდ ისევ მოუხდებათ. ოპოზიციას ამ ეტაპზე საერთო კანდიდატები 8-დან 6 ოლქში ჰყავს. ღიად რჩება დიდუბე - ჩუღურეთი და საბურთალო. აქ სავარაუდოდ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის კანდიდატს თავად დაუპირისპირდება.