logo
ENG



20 ივნისი, გამოუძიებელი საქმეები და დაუსჯელი დანაშაული - ომბუდსმენის ანგარიშის ხმაურიანი განხილვა

25 ივნ 202021:03
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის სისხლიანი დარბევა, დაუსჯელი დანაშაული და გამოუძიებელი საქმეები - სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. განხილვა ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სახალხო დამცველს საპარლამენტო ტრიბუნებიდან დღეს ე.წ. ფეიკ ნიუსებისგან დაცვა სთხოვეს. მათ მიერ ომბუდსმენისთვის  დასმული შეკითხვების და პრეტენზიების ძირითადი ნაწილი სწორედ კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ უკმაყოფილებას ეხებოდა.

„მე ვარ ერთ-ერთი მსხვერპლი ფეიკ ნიუსების და აფილირებული „ქართულ ოცნებასთან“. ამიტომ ვარ ალბათ ფეიკ ნიუსების მსხვერპლი, თორემ თავისთავად პიროვნება გუგული მაღრაძეს არ მგონია ერჩოდეს ვინმე. მეც, როგორც პიროვნებას, არ იქნება ცუდი თუ სახალხო დამცველი დამიცავს ხოლმე“, - მიმართა ომბუდსმენს უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.  

კრიტიკული მედიის ტონით გაღიზიანებული და გაბრაზებული საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების გამოსვლების შემდეგ, მათ თხოვნას ოპოზიციაც შეუერთდა და ომბუდსმენს „ქართული ოცნების" და მისი ლიდერის „დახმარებისკენ“ მოუწოდა.

„რატომ არ იცავთ მმართველი გუნდის უფლებებს? ვერ ხედავთ რა დღეში არიან? დაამთავრეთ ამ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ როგორც სახალხო დამცველი დაეხმარეთ ამ ხალხს. აღარ შეუძლიათ მეტი. ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ? ამხელა ღვაწლი აქვს, არის უპატრონოდ მიგდებული და ვისაც რა უნდა იმას ლაპარაკობს მასზე“, - მიმართა გიგა ბოკერიამ სახალხო დამცველს.

2019 წლის ანგარიშის წარსადგენად მისულ სახალხო დამცველს, პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირების მოსმენა სასესიო განხილვებამდე, კომიტეტზეც მოუწია. 400-გვერდიანი დოკუმენტი დღეს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარედგინა. ჩხუბის და ურთიერთგარჩევის მიზეზი ამჯერად 2019 წლის 20-21 ივნისის, გავრილოვის ღამის მოვლენები გახდა, რომელიც ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს.

ოპონენტებმა კომიტეტის თავმჯდომარისგან დღეს საარჩევნო გაფრთხილებაც მიიღეს.

ომბუდსმენი წერს, რომ 20-21 ივნისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აყენებენ საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე გადაწყვეტილების მიმღები ძალოვანი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს. სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ვინ გასცა იმ რეზინის ტყვიების გამოყენების  ბრძანება, რომელმაც ადამიანების ჯანმრთელობა შეიწირა. საქმეში არ დევს არც საპოლიციო რაციების უწყვეტი ჩანაწერები.

ანგარიშში მოხვდა სხვა რეზონანსული საქმეებიც, მათ შორის 2018 წლის საარჩევნო პერიოდში, სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საქმე, რომლის საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიებას დროული და უტყუარი პასუხები ამ დრომდე არ გაუცია. სახალხო დამცველი უკმაყოფილოა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დახურვითაც. სისტემური პრობლემის მაგალითად ასახელებს ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმესაც.

ნინო ლომჯარიამ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტიც გააკრიტიკა, შარშანდელი სკანდალური შეწყალების საქმის გამო.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფრთხეებზე საუბრის დროს, ომბუდსმენმა დღეს ხაზი გაუსვა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს და აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების ბრალთან დაკავშირებით ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აფასებს საკუთარ დოკუმენტში ომბუდსმენი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსაც.


close დახურვა